თეთრი ღამის ეიფორია








ვერ შევეჩვიე აუტანელ ყოფის ფორიაქს,
ვერც ამ ვენების მაჯისცემას ავუღე ალღო
და ყოველ ღამეს განთიადი ისე შორია,
როგორაც ღმერთი ძნელბედობას თითქოსდა მახსოვს.

გზაც იკარგება, როცა სულში წვება მეწყერი,
ამ ფიქრით ნაქსოვ ძლივს გაკვლეულ ლაბირინთებში ,
ობობას ქსელში სასიკვდილოდ გაბმულ მწერივით
ვსუნთქავ და მიმძიმს ყველა წამი, როცა მჭირდები,

რომ სუნთქვა ეკვრით უშენობით დაღლილ ღამეებს,
რომ ნაადრევად გაფერმკრთალდა ფერთა პალიტრაც.
ამ ხეებივით ერთი კითხვა აღარ მასვენებს -
ნუთუ ოდესმე დასაწყისი მოვა თავიდან?

რომ გულის კედლებს ხავსი აღარ ავიწროებდეს,
სიცოცხლის ქარმა დაუბეროს სულის ქარაფებს
და ეს დუმილი გაგრძელდება ნეტა როდემდე?
თეთრი ფურცლები ჩემი კალმის სევდას ამძაფრებს.

ამომიჩემა ულექსობამ... და თვით ამინდმაც
გამოიდარა, დეკემბერი ზამთარს ღალატობს,
ღვთისთვის ანთებულ სანთელივით      ჩაქრა ქარიზმა
თვალებში, მერე ჩემ ფილტვებსაც კვამლი თამბაქოს,

შემოეჩვია მავნე ჩვევად და ჩემს ოთახსაც,     
კვამლის ფერი აქვს,  კვამლის სუნი რუხი ფანჯრები.
წარსულის ქარმა იმედები წელში მოხარა
და რა აზრი აქვს ყოფას როცა უმიზნოდ რჩები.

სულის ჯებირებს ემსგავსება, როცა სხეული,
როცა კანკალი უვარდებათ ნაკალმარ თითებს
და ყოველ ჯერზე ორღობეებს, როცა ჩავუვლი,
ოცნებებივით აორთქლებულ ბავშვობას ვითმენ.

სადაც პოეტის დამტვრეული ფრთები შევისხი,
აქ ჩემს მიწაზე, სადაც მთები ზეცას კოცნიან,
სადაც ჩიტები დილის ბინდში მცნობენ ფეხის ხმით,
სადაც ცრემლებით გამოვდივარ ყველა ლოცვიდან.

და ალიონზე ცისქვეშეთში დრო და დრო ყველგან,
დრო და დრო არსად მეგულება სამყოფი სივრცე
და არ არსებობს მიტოვება, რომ იყოს ღვთისგან,
უკუღმა სავალ ყველა ბილიკს მე თვითონ ვირჩევ.

ვერ შევეჩვიე აუტანელ ყოფის ფორიაქს,
ვერც ამ ვენების მაჯისცემას ავუღე ალღო,
მახსოვს წავედი, შევაქციე ზურგი შორიდან -
გავრიყე ღმერთი, მაგრამ თვითონ არაფრით არ მთმობს...
გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები