გაზაფხულის მოლოდინით














ზამთარი ისევ არ უშვებს ფარდას,

მარტი დეკემბრის განწყობით ფეთქავს,
ქარი ფიფქების ქაოსში ფანტავს
ვერ ამოსული იების სევდას.

თოვლის ქვეშ მიწა ნატვრით იხსენებს,
თავბრუდამხვევი წვიმების თრიაქს,
ალვის ხე გულში დარდით ღიღინებს
კვირტში ჩარჩენილ ფოთლების შრიალს.

წყაროს წყლის ჩუხჩუხს ვერ ისმენს მდელო,
ნუშის კვირტები ჩივის აპრილზე,
ფუტკარი სიზმრად ნექტარით ტკბება
ვერ ამწვანებულ მდელოს ყვავილზე.

მზე გადამალეს ზეციდან ურმით
და მეც ამ მარტის მცირედი შიშით,
დარაბებშეკრულ ფანჯრიდან ვუსმენ
ვერ მოფრენილი მერცხლების ჭიკჭიკს.
გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები