თუმც ეს ცხოვრება მეტი არის ვიდრე ჭადრაკი


დღეს არაფერი ამჩნევიათ ამ შიშველ ხეებს,
გამოიცვალეს ხუთი ფერი თუმცა ფოთლებით
და ამბორისთვის ურჩი ქარი, რომ მოიხელთებს
წამს ღელდებიან, ეს ტოტები - დანათოვლები.

გარდაიცვალა შემოდგომა სამიოდ თვის წინ,
დუმან და მხოლოდ ქარის ხმაზე ახელენ თვალებს.
შენ თუ გინახავს ფოთოლცვენა - სინაზე მიწის?
ანდა სიცოცოცხლე სიკვდილში რომ გადაინაცვლებს?

და რამდენიმე სულ ათეულ წელს თუ მოითვლის,
ამ ერთ სეზონზე ფოთლებივით გავჩნდით ერთ კვირტზე,
იმ შემოდგომას უხდებოდა ხეთა სიყვითლე
ჩვენ მოგვიხდება სიყვარულით პატარებს ვზრდიდეთ.

თორემ ვინ იცის თავაწყვეტილ ქარიშხლის მერე,
რომელსაც მოკლე, მაგრამ რთული ცხოვრება ჰქვია,
სად გავფრინდებით ფოთლებივით შევიცვლით ფერებს,
(ყოველი წამი სამომავლოდ იქნება გვიან).

თორემ ხომ ხედავ უსულოა ადამიანი
უსიცოცხლო და მიგდებული რაღაც საგანი,
თუ სიყვარულით გული არ აქვს არითმიანი
და თვალებიდან ცრემლი ვენით გადანატანი.

ბევრჯერ მინახავს, როგორ იბრძვის მუხლისმოდრეკით
ადამიანი მთელი გულით და დრო იმარჯვებს,
თუმც ეს ცხოვრება მეტი არის ვიდრე ჭადრაკი,
თუ ამ ჭადრაკში პაიკიც კი მეფესთან იბრძვის.

ჰოდა წამოდი თავგანწირვით ღიმილი ვთესოთ,
რომ ავიცილოთ ტრაგედია ვაჯობოთ შექსპირს,
რომ ღმერთის გულშიც გამოვიღოთ სიცოცხლის ფესო
და არც ეს დარჩეს გზააბნეულ პოეტის ლექსი.

დღეს ჩვენს სიყვარულს ვამყოფინოთ ფიცრულ-ოდები,
ხვალ ჩვენი რწმენა მომავალსაც უთუოდ შეცვლის.
მოხვალ?.. არ მოხვალ?.. უპირობოდ    დაგელოდები,
როგორც ბრმა კაცი ფანჯარასთან ვიღაცას ელის.



გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები