ვერც მუსლიმანი ვერ გამოვდექ ვერც ქრისტიანი













ვერც მუსლიმანი ვერ გამოვდექ, ვერც ქრისტიანი
გთხოვთ ათეისტსაც ნუ მიწოდებთ, მე მჯერა ღმერთის.
ერთხელაც არ მიმარხულია,
არ მილოცია
და არც ის მახსოვს, რომ პირჯვარი გადამეწეროს,
მაგრამ ხომ გახსოვთ მთავარი?
მე მჯერა ღმერთის.
დღეს პირველად შევედი ეკლესიაში მეგობართან ერთად.
ისეთივე უცხო გარემო იყო ჩემთვის, როგორც ახალშობილი ახელს თვალს პირველად და სინათლეს ხედავს.
შევედი და დავინახე ადამიანები, რომლებიც გრძნობდნენ და ესაუბრებოდნენ ღმერთს.
შევედი და დავინახე ვიღაც, ვინც დაჰკარგვოდა საკუთარ თავს და ვისაც მხოლოდ დაჩემებული სიტყვებით სჯეროდა ღმერთის.
აკანკალებული ხელით სანთელი ავანთე,
ისიც ჩამიქრა.
პირჯვრის გადასაწერად წავიღე ხელი და.
მეგობარს მივაჩერდი თვალებში, რომ ეკარნახა საით წამეღო დაბნეული თითები.
დიახ.
ვერ მივყვები უფლის გზას,
მაგრამ მეც ვიცი სიყვარული, მეც მტკენია,
მეც ავფრენილვარ ზეცამდე სიხარულით.
მეც ჩავხუტებივარ დედას,
ძმას,
მეგობარს,
ჩემს ოთხმოცი წლის წელში მოხრილ ბებიას.
ჩავხუტებივარ ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილ დას,
დიახ, ჩავხუტებივარ და გთხოვთ, ნუ გაიკვირვებთ!...
მე მას ისევ ვხვდები სიზმრებში უძილო ღამეს.
ჩავხუტებივარ ყველას, ვინც მიყვარს და ვიცი.
ვიცი რა ძალა აქვს ჩახუტებას.
ჰოდა უფალო.
არ ვიცი საიდან,
არ ვიცი როგორ,
უბრალოდ მოდი.
მოდი და ჩამეხუტე.
გულში ჩამიკარი ისეთი ჩახუტებით, როცა გულიდან სისხლი გამოდის და გულის ნაცვლად ის ადამიანი ფეთქავს მკერდში, რომელიც ჩაიხუტე.
ღმერთო,
მე მჯერა შენი.
მე ვიცი რა ძალა აქვს შენს ჩახუტებას.
უფალო, შენ იცი რომ, მხოლოდ შენ კი არა, საკუთარ თავსაც დავეკარგე და დღემდე არ ვიცი სად ვარ.
მაგრამ შენ?
შენ ხომ იცი სადაც ვარ?
მოდი და მომეცი გზა.
მე ვერ გიპოვე,
ვერც შენკენ სავალ გზაზე დავდგი ვერცერთი ნაბიჯი.
ნუ შემატოვებ დაუსრულებელ გზაჯვარედინებს.
შენ მაინც მიპოვე,
გთხოვ!
გაზიარება:

No comments:

Post a Comment

პოპულარული პოსტები