ქარებს აყოლილი ხეთა არითმია,
წვიმის მონოლოგი აჭრილ ამინდებზე,
ვიდრე სიკვდილამდე წამებს დამითვლიან,
მანამ სიცოცხლეზე ფიქრი მაიმედებს.
უკვე ორი თვეა ლექსმაც მიმატოვა,
სულის შემოდგომას ცვივა იმედები,
ცრემლად გაყინული სისხლი წამოთოვა,
თუმცა ნაადრევად მე არ დავნებდები.
ღამის სიჩუმეში ვწევარ ნამთვრალევი,
შენთან გაწყვეტილი მოკლე ზარის შემდეგ,
მთხოვე დამეძინა - მაგრამ ეს თვალები
ვამჩნევ უცილობელ ზეცას დაითენებს.
ღამემ გამიტყუა დროის სარტყელიდან,
ვიწრო ცისქვეშეთმა ვეღარ დამიტია,
ფიქრის უთავბოლო წანწალს ავყევი და
უკვე მერამდენედ - აღარც დამითვლია,
თითქოს სიკვდილის წინ ვნახე გამოფენა,
ცუდად შერჩეული გზების ისტორიით,
ფიქრმა წარსულიდან ისევ გამოფინა
ბედი უკუღმართი სავსე ირონიით.
თუმცა ვინ უჩივის როცა შენი სუნთქვა,
რაღაც მისტიური ძალით მაჯილდოებს.
დილამ ღამის ბინდი უკვე შეისუნთქა
და მზეც ჩაიხუტებს მალე აკიდოებს.
No comments:
Post a Comment